ქეთევან ციხელაშვილი - პანდემიის ფონზე, რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ
2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრები განახლდა, სადაც ქართული მხარის ინიციატივით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა დელეგაციების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც, რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და კიდევ უფრო აძლიერებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას.
„შეხვედრაზე ითქვა, რომ პანდემიის ფონზე, რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ. ამ კუთხით, აღინიშნა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის მისამართით რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გახშირებული უსაფუძვლო ბრალდებები.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ გრძელდება საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, რასაც ერთვის ადგილობრივ მცხოვრებთა უკანონო დაკავებები. ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების ფაქტზე. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ზაზა გახელაძის და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამჟამად მყოფი კიდევ ორი პირის – გენადი ბესტაევისა და ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვრცლად ისაუბრა ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე. ელჩმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა.
საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, შემაშფოთებელია რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებისთვის, მათ შორის ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისათვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვა.
ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა რჩება მშვიდობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული.
„ჩვენს უმთავრეს მიზანს ქვეყნის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წამოადგენს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ თაობაზე.
სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა. მათ ერთხმად დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.