ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული თუ სხვა საჭიროების პაკეტებით.
„ჩავედით სოფელ ტახტისძირში სწორედ იმ ადგილზე, სადაც რუსეთის ფედერაციამ ახლახან განახორციელა მორიგი უკანონო ბორდერიზაცია. ჩავედით იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ სოფელში ისევე როგორც ყველა სოფელში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სახელმწიფო განაგრძობს მათ გვერდში დგომას.
ძალიან გვადარდებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონში, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად ემსგავსება აბსურდის თეატრს. უკვე არის გაფართოებული სამხედრო ბაზა. რთულია მდგომარეობა. ცხინვალს უწოდებენ მეორე სახელად სტალინირს, ე.წ. ლენინგორი უკვე გვაქვს ახალგორის სახელად, სადაც დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ახალგაზრდები იძულებული არიან, ატარონ პიონერთა ყელსახვევები და საბჭოთა დროის სიმღერები იმღერონ. ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ყველა არხით, მათ შორის საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთანაც, რომელსაც აქვს წვდომა ამ რეგიონში, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, იმისთვის, რომ ახალგორის რაიონში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ჰუმანიტარული სხვადასხვა სახის დახმარებით და პაკეტებით“, – აცხადებს ციხელაშვილი.
მისივე თქმით, ყოველდღე ისმის სხვადასხვა სახის აბსურდული ბრალდება.
„ხორციელდება შეტევები მუდმივად ლუგარის ლაბორატორიაზე და იმდენად აბსურდული განცხადებებიც კეთდება, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეიტანოს „კოვიდ-19“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე კომენტარს უბრალოდ ვერ და არ გავაკეთებ იმ კატეგორიას განეკუთვნება ეს დეზინფორმაცია, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და აქტიურ რეჟიმში ვეხმარებით მოქალაქეებს, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს.
დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მაგალითად კარანტინში 150-მდე პირი იმყოფება. იცით, რომ სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის ასევე მოსახლეობა იღებს უფასო სამედიცინო დახმარებას და ეს აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.