ქეთევან ციხელაშვილი - მზად ვართ, ცხინვალისა თუ აფხაზეთის რეგიონში მყოფ ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, მათ შორის მკურნალობის კუთხით
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ადამიანების ძალიან დიდი ნაკადი შევიდა. მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ არ იყო ინფორმაცია და კონტროლი.
„ბოლო კვირის განმავლობაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიმატა გაცნობიერებამ იმ რეალური საფრთხის, რასაც ქმნის „კოვიდ-19“ მსოფლიოში და აფხაზეთის რეგიონში გარკვეულ ზომებს მიმართეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. თუმცა ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ და დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციას, რასაც გასცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ ვთარგმნეთ აფხაზურ და ოსურ ენებზე. აუცილებელია, რომ გავრცელების პრევენცია მოხდეს და მაქსიმალურად შესუსტდეს ეს საფრთხეები და რისკები, თუმცა მდგომარეობა არის რთული, იმის გათვალისწინებითაც რომ, აფხაზეთის რეგიონში ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ძალიან დიდი ნაკადი შემოვიდა, იმ პირობებში, როცა არ ხდებოდა ამ ნაკადის კონტროლი და მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ინფორმირებული საფრთხეების შესახებ, არ არიდებდა თავს მასობრივი თავშეყრის ადგილებს, მით უფრო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს და კამპანიის წინა პერიოდში“, – აცხადებს ციხელაშვილი.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აწარმოებს გარკვეულ ღონისძიებებს, რაზეც ხშირად დეტალური საუბარი არ ხდება.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ახლა მაინც ეს ზომები იქნება გათვალისწინებული, საფრთხე არის ძალიან რეალური. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენ დეტალებზე ხმამაღლა ვერ ვსაუბრობთ, ვაკეთებთ საქმეს და ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ვუფრთხილდებით იმ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რომელზეც ეს საქმე არის გათვლილი. საქართველოს ხელისუფლება ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა არხით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში. ეს გულისხმობს, როგორც ინფორმაციის მიწოდებას, ასევე სხვა კონკრეტულ მატერიალურ დახმარებასაც. ჩვენ ხშირად ამ პროცესზე და ამ კონკრეტულ ნაბიჯებზე დეტალურად ვერ ვსაუბრობთ საჯაროდ, რადგან პროცესი არის ძალიან სენსიტიური და ამის უკან დგანან ადამიანები, მათი სიცოცხლე ჯანმრთელობა და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, რადგან ამ ადამიანებს აქვთ საჭიროებები დღესაც და ექნებათ ხვალაც. ჩვენ ამ საქმიანობას აუცილებლად გავაგრძელებთ.
ჩვენი მზაობა ძალაში რჩება, რომ შეძლებისდაგვარად ჩვენს მოსახლეობას, რომელიც რჩება იზოლაციის პირობებში ცხინვალისა თუ აფხაზეთის რეგიონში, გვერდით დავუდგეთ ყველა კუთხით, მათ შორის დიაგნოსტიკითა და პაციენტების მკურნალობისა და მართვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.