ქეთევან ციხელაშვილი - კონფლიქტის შედეგად ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს, ამიტომ დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, გმირთა მოედანთან კონფლიქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან.
მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალთან არიან შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
როგორც მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, მომხდარი აფხაზეთისა და საქართველოს საერთო ტრაგედიაა. ისინი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
„ეს ტკივილი ყველას ერთნაირად სტკივა. დღეს მავთულხლართების აქეთ თუ იქით არიან დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ამ კონფლიქტის შედეგად, ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა, მჯეროდეს, რომ ამის გაცნობიერება ფართოდ ხდება დღეს მავთულხლართებს იქითაც. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რადგან ამ წარსულს ვერ შევცვლით და ეს მომავალი არის მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს მზაობა დიალოგის, ურთიერთობის, არაერთხელ გაცხადებული.
დღეს პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს ღირსებას შესწირეს თავი. სულ ვეუბნები შავოსან დედებს, რომ ეს ტკივილი, რომელიც არის უმძიმესი და ისინი კლდესავით უძლებენ, ყველასია, მაგრამ მათ აქვთ საამაყო, რომ გმირები გაზარდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა გმირთა მემორიალთან.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა.