ქეთევან ციხელაშვილი - კითხვები, ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა ომი, არც შეიძლება, არსებობდეს, რადგან ეს არის რუსეთი
კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი, არც შეიძლება, არსებობდეს, რადგან ეს არის რუსეთი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა საკითხია შეფასება, გააკეთა თუ არა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საკმარისი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
„სხვა საკითხია იმის შეფასება უკვე შიგნით, ჩვენმა ხელისუფლებამ მაშინ გააკეთა თუ არა საკმარისი, რომ ასე აშკარად მომდინარე საფრთხე თავიდან აგვეცილებინა. როდესაც ხედავ, რომ ძალიან დიდი აისბერგი მოდის და გეჯახება, აკეთებ თუ არა შენ, როგორც გემის კაპიტანი რამე მანევრს, სცადო მაინც, აიცილო, თუ პირდაპირ მთელი სისწრაფით ასკდები – აი, ამაშია კითხვა. მათ შორის, არც პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში არ არიან გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, ამას ყველა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს.
„მეტი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, ხშირად არის თითების გამოშვერა. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც სხვებთან ერთად ყოველდღიურად არის ამ შრომაში ჩართული, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი ბრძოლა და იმ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ამ საოკუპაციო ხაზს ყოველდღე ხედავენ, მიუხედავად ამისა, იქ ცხოვრობენ, იბრძვიან, ვითარდებიან, შვილებს კარგ განათლებას აძლევენ, ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტ კონსოლიდაციას მივაღწიოთ.
რა თქმა უნდა, პუტინი არის ოკუპანტი და მტერი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.