ქეთევან ციხელაშვილი - იმედია, ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილის მიერ იქნება გაცნობიერებული გადაადგილების თავისუფლების მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობა
მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილის მიერ იქნება გაცნობიერებული გადაადგილების თავისუფლების მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადასასვლელების ჩაკეტვის გამო ადამიანები იტანჯებიან.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ჟენევაში მოლაპარაკებების პროცესში ყველა იმ პრობლემაზე იქნება საუბარი, რომელსაც ფორმატი ითვალისწინებს, მათ შორის სოფელ ჩორჩანასთან განცვითარებულ მოვლენებზე.
„ჟენევის მიმდინარე რაუნდზე ქართული მხარე, საქართველოს დელეგაცია ჩვეულებისამებრ არის ძალიან საქმიანად და კონსტრუქციულად ჩართული. ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებზე ვსაუბრობთ, არამედ ვეძებთ გამოსავალს, რა თქმა უნდა, იმ მთავარ საკითხებთან ერთად, რომელიც დღის წესრიგს წარმოადგენს – ეს არის ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და დევნილთა დაბრუნება. ყველა აქტუალური საკითხი იქნება განხილული, მათ შორის ცხადია, ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგორის მიმართულებით გადასასვლელის გახსნის აუცილებლობა, რადგან უამრავი ადამიანი, პირდაპირი გაგებით, ამ ზომის გამო იტანჯება. მაქვს ძალიან დიდი სურვილი, ჩემი ძალისხმევა აქეთკენ არის მიმართული და მინდა, იმედიც გამოვთქვა, რომ ყველა მონაწილის მიერ იქნება გაცნობიერებული მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობა გადაადგილების თავისუფლების. დღეს ოჯახები არის გაყოფილი, ეს ეხება ოსებსაც და ქართველებსაც. არავინ იგებს ამით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება.