ქეთევან ციხელაშვილი - იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, საოკუპაციო ძალები დამატებით პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ინსტალაციებს ამ დროისთვის აღარ ამონტაჟებენ.
მინისტრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, საოკუპაციო ძალები დამატებით პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას.
„ჩემი ინფორმაციით, ამ მომენტში იქ არ მიმდინარეობს ახალი ინსტალაციების მშენებლობა. თუმცა, ამგვარს ჰქონდა ადგილი ისევე, როგორც საბერიო-ფახულანისა და ტახტისძირის მონაკვეთებზე, ზუსტად „კოვიდ-19“-ის ფონზე. რაც კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომელიც თავისთავად არალეგალური და სრულიად უკანონოა და არაჰუმანური. იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო, აბსოლუტურად ყველა, ებრძვის ასეთ საერთო მტერს, უხილავ მტერს, დამატებით პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოკუპირებული ახალგორის მცხოვრები მამაკაცის გარდაცვალების საკითხს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგორელი, 63 წლის მამაკაცი, რომლის გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მიუხედავად მისი და მისი ოჯახის წევრების თხოვნისა და „წითელი ჯვრის“ მცდელობებისა. რა თქმა უნდა, ამ შეფერხებამ ძალიან მძიმე გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე და ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
საერთოდ, იზოლაციის დაწყებიდან, ცხინვალის რეჟიმის მიერ, გასული წლის სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, 13 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ბატონი გახლავთ მეთოთხმეტე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები.