ქეთევან ციხელაშვილი - გაუგებარია კრიტიკა იმ ადამიანებისგან, რომლებიც 2010 წელს „ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებაში თავად იყვნენ ჩართულნი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ოპოზიციას „ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიას“ ახსენებს, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. მინისტრის თქმით, სწორედ ეს სტრატეგია გულისხმობს აფხაზებთან და ოსებთან, სტატუსნეიტრალურ ფორმატში ურთიერთობების მექანიზმების შემუშავებას.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივაში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მზაობას პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ამ დღეებში არაერთი არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა. ბუნებრივია, ჩვენთვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ სწორედ რუსეთთან მოლაპარაკებები და ეს განიხილება ჟენევის ფორმატში, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო ჩართულობით. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. ამის პრეცედენტები ჩვენ ადრეც გვქონია არაპოლიტიზებულ ფორმატში, ახლაც მიმდინარეობს საზოგადოების დონეზე“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, დღეს კრიტიკა ოპოზიციის იმ ნაწილის მხრიდანაც ისმის, რომელიც „ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიაში“ იყო ჩართული.
„მინდა გაგახსენოთ, რომ ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა მიღებული, ცალსახად არის ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ აფხაზებთან და ოსებთან სტატუსნეიტრალურ ფორმატში ურთიერთობების მექანიზმები უნდა იქნას შემუშავებული, ამიტომ ცოტა გაუგებარია დღეს ოპოზიციის, მით უფრო იმ ნაწილის კომენტარები, რომლებიც თავად იყვნენ ამ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული. ეს სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ უარი არ გვითქვამს ამ სტრატეგიაზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.