ქეთევან ციხელაშვილი - განსაკუთრებული ყურადღებით ველოდები ანგელა მერკელის გზავნილებს მიმდინარე ოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე
განსაკუთრებული ყურადღებით ველოდები გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გზავნილებს მიმდინარე ოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, – აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის გერმანია გამორჩეული პარტნიორი ქვეყანაა, დაწყებული 1918 და 90-იან წლებიდან, როდესაც გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
„წლების განმავლობაში გერმანია გახლავთ ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა, მათ შორის ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს. ძალიან სიმბოლურია აგვისტოს თვეში გერმანიის კანცლერის ვიზიტი, ზუსტად 10 წლის შემდეგ მისი პირველი ვიზიტიდან და ასევე, აგვისტოს ომის შემდეგ, სიმბოლურიც არის და ძალიან საქმიანიც“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც მხარეები შეხვედრებზე იმსჯელებენ, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იქნება.
„ვიცით, რომ დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც გამოხატა ინტერესი გერმანულმა მხარემ, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა. ჩვენ უკვე მოვისმინეთ მხარდამჭერი განცხადებები არაერთხელ, მათ შორის საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართაც, მათ შორის, გერმანიის მხრიდან. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია მოხდეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისი შეფასებით, გერმანიის კანცლერის საქართველოში ყოფნა არის გამოხატულება და სიმბოლო იმისა, რომ გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„უშუალოდ იმ ქვეყნის კანცლერის ვიზიტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაყოფილი ხელოვნური კედლით, ბერლინის კედლით და თავად კანცლერიც არის აღმოსავლეთ გერმანიიდან, რომელიც ამ კედელს მიღმა იყო, ვფიქრობ არ არის უცხო, თუ რას ნიშნავს ხელოვნური ბარიკადები, ტერიტორიების გახლეჩა, ხალხის გახლეჩა და ის, რომ ამ ყველაფერს არ აქვს პერსპექტივა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ველოდები მის გზავნილებს სწორედ მიმდინარე ოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, ვიცით რა, რომ გერმანია ამ სამშვიდობო პოლიტიკას მხარს უჭერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. მას თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. აეროპორტიდან ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, შემდეგ კი, გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება.