ქეთევან ციხელაშვილი - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმია
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედითი მექანიზმია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რეგულარულად იყოს ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ასევე ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები, რომ დეოკუპაციამდე ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო.
ციხელაშვილის თქმით, მთავარია, პარტნიორებს ნათელი სურათი ჰქონდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ სიახლოვეს არსებულ მდგომარებაზე, აგრეთვე, მუდმივად იყოს მოთხოვნილი ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების დაშვება, რაც რუსეთის წინააღმდეგობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ამასთან, მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკანონო დაკავებისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საკითხზე გაერო-ს ტრიბუნებიდან განცხადებები, რაზეც საუბარი 2-3 აპრილს ჟენევაში გაგრძელდება.
„რთულია გაზომო ამ რეზოლუციების შედეგიანობა, იმ პირობებში, როდესაც რეალურად საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევას, მაგრამ გარწმუნებთ, ამ ინსტრუმენტების მუდმივი, რეგულარული გამოყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხალხისთვის, რომელთა უფლებებზეცაა აქ საუბარი, რადგან ეს უფლებები იყოს გარანტირებული, დაცული და არა ვინმეს ნება-სურვილზე დამოკიდებული, განიხილავს თუ არა მაგალითად რუსეთი დღეს თუნდაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში ან ჟენევაში ამ საკითხს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი არ არის გათავისუფლებული ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებისგან და სწორედ გაერო-ა ტრიბუნა, რომელიც ამას შეახსენებს.
„ყველამ უნდა იცოდეს, პირველ რიგში, რუსეთმა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულება არ გამომდინარეობს ვინმეს ნება-სურვილისგან. ეს არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული ვალდებულება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
22 მარტს ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღიარებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული, ყოველმხრივ მძიმე ვითარების გამო და ხაზს უსვამს ტერიტორიებზე მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობას. საბჭო ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, წარმოადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით.