ქეთევან ციხელაშვილი - ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე კონცენტრირებული იყო თემებზე, რომლებსაც სასწრაფო გადაჭრა სჭირდება
ქეთევან ციხელაშვილი - ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე კონცენტრირებული იყო თემებზე, რომლებსაც სასწრაფო გადაჭრა სჭირდება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფასებს.

მინისტრი აცხადებს, რომ პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრები მომავალში აქტიურად გამოიყენოს.

“მზაობა გვაქვს, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც კი გარკვეული პროგრესი იქნება ამ საკითხებთან მიმართებაში, კვლავ შეიკრიბოს ასეთი ფორმატი. ბუნებრივია, დღეს ქართული მხარე კონცენტრირებული იყო თემებზე, რომლებიც სასწრაფო გადაჭრა სჭირდება”,- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარისათვის ყველა, მათ შორის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი მნიშვნელოვანი ფორმატია.

“ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ფორმატი ფუნქციონირებდეს ეფექტურად და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქმე არ ეხება ფორმატის ფუნქციონირებას. დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე პრიორიტეტული საკითხი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების აუცილებლობა იყო. საკითხების ირგვლივ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა”,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, უშუალოდ შეხვედრის შინაარსზე კომენტარები მოგვიანებით მონაწილეების მხრიდან გაკეთდება. მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრის მონაწილეებთან კონსულტაციები ექნება.

„ძალიან ბევრი კითხვაა, რომელიც დასვა ქართულმა მხარემ, დასვეს ჩვენმა პარტნიორებმა და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მსჯელობა. ჩვენი პრინციპული პოზიცია ის გახლავთ, რომ ამ საკითხებზე იყოს ადეკვატური რეაგირება, მათ შორის ამ ფორმატის ფარგლებში. სწორედ ეს გახლავთ ამ ფორმატის დანიშნულება და ეს განსაზღვრავს ამ ფორმატის ეფექტურობას”,-განუცხადა პირველ არხს სახელმწიფო მინისტრმა