ქეთევან ციხელაშვილი - ძალისხმევის გაერთიანება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს
ქეთევან ციხელაშვილი - ძალისხმევის გაერთიანება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

დღეს ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, ვადიმ ჩერნიშმა და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, კრისტინა ლესნიკმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, სამწუხაროდ და საუბედუროდ, გადაუჭრელი კონფლიქტები და ვფიქრობთ, ძალისხმევის გაერთიანება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს. ეს უკავშირდება ადამიანების უფლებრივი და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას. ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბარი და ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ის კოლეგებს ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის თაობაზე, ასევე საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

„ჩვენ ინიციატივის იმპლემენტაციის ფაზაზე ვიმყოფებით და მომავალი წლის დასაწყისიდან გახდება სრულად ფუნქციონირებადი. გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ქვეყნებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რა პრობლემებთან გვიწევს გამკლავება ყოველდღიურად, რადგან თავადაც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ, გავუზიაროთ გამოცდილება, რაც დაგვეხმარება, რომ უფრო ეფექტიანი იყოს ჩვენი პოლიტიკა. ვმუშაობთ მშვიდობისთვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, ადამიანებისთვის, ვინც გადაუჭრელი კონფლიქტებით არის დაზარალებული“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, მოინიშნა არაერთი საინტერესო მიმართულება.

„მოხარული ვარ, რომ მემორანდუმი თბილისში შედგა და აქ მოეწერა ხელი. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სურვილს გამოთქვამენ, განამტკიცონ და შემდგომში განავითარონ თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით. მისი მიზანია სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა, სტრატეგიული რეგიონული თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი მხარდაჭერისთვის გზების განსაზღვრა.