ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია
სამწუხაროდ, ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების ფაქტობრივად სრული შეზღუდვა ამ დღეების განმავლობაში რეჟიმს ერთგვარ წესად ექცა, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია ისედაც შეზღუდულ გადაადგილებაზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების დაწესება, – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარი ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, მოსახლეობისთვის ეს ძალიან მტკივნეულია, თუნდაც შეზღუდვა მხოლოდ რამდენიმე დღეს მოიცავდეს.
„ამას აბსოლუტურად არანაირი გამართლება და ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მით უფრო, დღეს ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე გვესმის მაგალითად, იგივე ცხინვალიდან შეხსენებები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, მთელი აბსურდული ბრალდებების კასკადით, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია და, რომელსაც ასევე არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
ვისურვებდი, ამ მძიმე დღეებში, რომელიც მართლაც უამრავი ადამიანისთვის, ათასობით ოჯახისთვის პირად ტრაგედიას, ძალიან მძიმე დანაკარგს, დევნილობას და ყოველდღიურ გამოწვევას უკავშირდება მავთულხლართების გასწვრივ, აქეთ თუ იქეთ მხარეს, ყველანი მეტად დავფიქრდეთ, თუ რა გვინდა მომავალში, როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და არა, კიდევ უფრო დავუმძიმოთ ისედაც მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პასუხი ოკუპაციაზე მეტი სამშვიდობო ინიციატივაა.
„ჩვენი პასუხი ასეთია ოკუპაციაზე, რომ მეტი განვითარებით, მეტი სამშვიდობო ინიციატივით, მეტი დახმარებით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ ვუპასუხებთ მომავალშიც ამას“, – აღნიშნავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. შეზღუდვა 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს უკავშირდება. შეზღუდვა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე 6 აგვისტოს 20:00 საათზე ამოქმედდა და 9 აგვისტოს, 06:00 საათიდან მოიხსნება.