ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს არის საქართველოში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა საკეთილდღეოდ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დახურულ ფორმატში დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რა ხდება გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებში და რას აკეთებს სახელმწიფო 116 სოფელში 50 ათასი ადამიანის დახმარებისთვის.
როგორც ჟურნალისტებს ციხელაშვილმა სხდომის შემდეგ განუცხადა, გაზრდილი ბარიკადების მიუხედავად, ბარიკადების მიღმა მცხოვრები საზოგადოებისგან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართ წინაპირობები და დაინტერესება არის.
„მათი მხრიდან დაინტერესება მაღალია. შეხვედრაზე კონკრეტულ მონაცემებსა და პროექტებზე ვისაუბრეთ, რა წინაპირობები არსებობს. ეს ყველაფერი იმედს მაძლევს, რომ მომავალში, სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას შევძლებთ იმ პირობებში, თუ რუსეთის მხრიდან რისკებისა და საფრთხეების ნიველირება მოხდება. სამშვიდობო პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, ეს არის საქართველოში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ მიმართული”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ოპოზიციის განცხადებები არის სპეკულაცია, რადგან გიორგი კანდელაკმა ძალიან კარგად იცის, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობს. ატოცში არაერთხელ ვარ ნამყოფი და ამ ყველაფერზე ხელოვნური აჟიოტაჟის აწევა სწორად არ მიმაჩნია”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.