ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი პოლიტიკა ფოკუსირებულია ადამიანზე და გათვლილია კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, მშვიდობიანი მოგვარებისთვის ნიადაგის მომზადებაზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებით წარდგა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა თავისი აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნაბიჯებია, რომლებიც გადაუჭრელი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საზოგადოებების შერიგების, დიალოგის წახალისების მიმართულებით იდგმება.
„დეტალურად ვისაუბრე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებასა და იმ კონკრეტულ მოქმედებებზე, რომელთაც დღემდე ვახორციელებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს გრძელვადიანი პროგრამაა. შედეგები, რომლებიც უკვე სახეზეა, უტყუარად მიანიშნებს იმაზე, რომ პროგრამა არის დროული, საჭირო და მას აფხაზური და ოსური საზოგადოებების მხრიდან ძალიან მაღალი დაინტერესება აქვს, მიუხედავად იმისა, რა განცხადებები შეიძლება, ამაზე ფორმალურად კეთდებოდეს. ეს არის აბსოლუტურად კონსტრუქციული პლატფორმა ისევე, როგორც მთლიანად ჩვენი პოლიტიკა, რომელიც ადამიანზეა ფოკუსირებული და, რა თქმა უნდა, გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, მშვიდობიანი მოგვარებისთვის ნიადაგი მოამზადოს“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ციხელაშვილის განცხადებით, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის დახმარება ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„პარლამენტს დღეს ძალიან დეტალური ანგარიში წარვუდგინე იმის შესახებ, რას ვაკეთებთ იმ ასზე მეტ სოფელში, რომელთაც მავთულხლართები ყოფს. ასევე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში, რათა მავთულხლართები საბოლოოდ დავამარცხოთ. დღეს გამოვთქვი რწმენა იმის თაობაზე, რომ ისევე როგორც 30 წლის წინ ბერლინის კედლები დაინგრა, ეს მავთულხლართებიც აუცილებლად დაიშლება. იგი ხელს ვერ შეუშლის ადამიანებს, უკეთესი მომავალი და განვითარების უკეთესი პერსპექტივა ჰქონდეთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
დღესვე ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქე თანასწორია განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა და სახელმწიფოს ამოცანაა, მათ ჩართულობისთვის თანასწორი პირობები შეუქმნას.
„პარლამენტარებთან ერთად დღეს იმ გამოწვევებზეც ვსაუბრობთ, რაც სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჯერ არ არის ის დონე, რომელიც ყველა მოქალაქეს მისცემდა შესაძლებლობას, რომ საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს, ან ჩაერთოს და მოახდინოს თავისი უნარების რეალიზება იგივე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მაგრამ პროგრესი გვაქვს და კიდევ უფრო ამბიციური გეგმებიც“, – განაცხადა მან.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებზეა ორიენტირებული.
„ვაგრძელებთ საქმეს, ჩვენი მიდგომა არის არა რიტორიკული, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე ორიენტირებული და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით განმსჭვალული. ნაბიჯების გადადგმა სფეროში, რომელშიც ვმუშაობთ, ვგულისხმობ კონფლიქტის მოგვარებას მიმდინარე რუსული ოკუპაციის პირობებში, ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მოქალაქეების მხრიდან. იმედს გამოვთქვამ, სახელმწიფოებრივად ასეთი მაღალი მნიშვნელობის თემები ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ან საზოგადოების პოლარიზაციის საბაბი არ გახდება, რადგან ეს ის საკითხია, რომლის ირგვლივაც ყველა უნდა გავერთიანდეთ“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.