ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი მოქმედების არეალს ის განსაზღვრავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა არ გვაქვს
ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი მოქმედების არეალს ის განსაზღვრავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა არ გვაქვს

საქართველოს ხელისუფლების მოქმედების არეალსა და მექანიზმებს საუბედუროდ ის მოცემულობა განსაზღვრავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირი წვდომა და ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების მიუხედავად, ამ ტერიტორიებზე წვდომა არ გააჩნია საერთაშორისო ბერკეტებსა და მექანიზმებს, რაც ერთ–ერთი გზა იქნებოდა იმისა, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები მეტად იყოს დაცული. ასევე, არ გააჩნია წვდომა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, ან დაცვის მექანიზმებს და ეს მოცემულობა განაპირობებს იმ ინსტრუმენტებს, რომლის ფარგლებშიც ვმოქმედებთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ–ნაბიჯ, თანმიმდევრულობითა და გონივრულობით ახორციელებს პოლიტიკას, რაც სამწუხაროდ, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, რათა აღებულ კურსს საფრთხე არ შეექმნას. ამავდროულად, არსებობს კონტაქტები აფხაზ და ოს საზოგადოებებთან.

„მზარდი დაბრკოლებების მიუხედავად, ეს კონტაქტები, მათ შორის, ხალხთა შორის დონეზე არსებობს, მზარდია და ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, მუშაობს. ჩვენი ამოცანაა, ის კიდევ უფრო გაფართოვდეს. სამწუხაროდ, ხშირად, საჯაროდ ყველაფერზე ვერ ვსაუბრობთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია და კიდევ არა ერთი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება.

„დღეს ჩვენ კონფლიქტის სრულმასშტაბიან გადაჭრას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამას მარტო კი არ ვამბობ, არამედ ჩვენ მათ არაერთი ფორმატით კონკრეტულ მექანიზმებს ვთავაზობთ. ამაზე საჯაროდ ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ბუნებრივია, სხვა ფორმატებში ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.