ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი მიზანი არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან
ჩვენი მიზანი არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცხელი ხაზითა და სხვა არხებით ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაციაა და ბოლო ინფორმაცით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ყოველთვის ვამბობ, არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ნორმალურად არის იმ პირობებიდან გამომდინარე, რომ იმყოფება ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში, ეს თავისთავად არ არის ნორმალური მოცემულობა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა. ოჯახთან არის მუდმივი კომუნიკაცია ექიმის მდგომარეობისა და ასევე ყველა ნაბიჯის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, მისი შესაბამისი სტრუქტურები ვდგამთ, რათა მიზანი იყოს მიღწეული – ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. ამუშავებულია, ფაქტობრივად, ყველა ხელთარსებული არხი, ვგულისხმობ გარე თუ შიდა არხებს, ფორმალურს თუ არაფორმალურს, აბსოლუტურად ყველა დონეზე. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ გათავისუფლება იყოს მიღწეული და ეს დეტალები ოჯახისთვის იყოს ცნობილი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ამასთან, ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნულ დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.
„ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ამ დღეების განმავლობაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ ოსს ეს უქმნის დისკომფორტს, მათთვისაც არის ეს ერთგვარად ღირსების შემლახავი. საუბარია ექიმზე, რომელსაც არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ დღეებისა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისევ წარმატებით ხორციელდება ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, მათ შორის პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ცხინვალისა თუ აფხაზეთის რეგიონიდან. არავინ აპირებს ამის გადახედვას, არც სახელმწიფოს და არც ექიმების დონეზე, რადგან ექიმებს აქვთ დადებული ჰიპოკრატეს ფიცი და ისინი მოქმედებენ ამ პრინციპებიდან გამომდინარე. თუ ვინმეს ჰქონდა ეს მოლოდინი, ბუნებრივია, ვერ გამართლდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის თქმით, ათასობით ადამიანი ორ თვეზე მეტია, ფაქტობრივ იზოლაციაში იმყოფება ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვით და მათი მდგომარეობა ყოველ დღე მძიმდება.
„ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნა არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი და პრიორიტეტი. რეალურად საქმე ეხება ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, რომელიც ისედაც პირობითი სიტყვაა, ოკუპაციის პირობებში. თეორიული არგუმენტი, რის გამოც შეიძლება, ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იყოს, არ არსებობს. არ მიმდინარეობს იმაზე საუბარი, რომ მან რამე აღიაროს ან არ აღიაროს. მუშაობა მიმდინარეობს, რომ ექიმის გათავისუფლება მოხდეს უპირობოდ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ქვეყანას.
„იმედია, რომ ეს არავის დაავიწყდება. ეს არ არის მარტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რეალურად გამოწვევასთან გვაქვს საქმე და ეს უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი პროცესისას, რომელიც ქვეყანაში მიდის – პოლიტიკური პროცესი, ვინმეს პროტესტი თუ სხვა“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.