ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ინტერესია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული, ვიმედოვნებ, ისინი დაიცავენ ყველა რეკომენდაციას
სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონაცემები გადავამოწმოთ, ამიტომ რეალური სურათი არ გვაქვს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის რეგიონში „კოვიდ-19“-ით სავარაუდო ინფიცირებულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული იყოს და ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდეს.
„თავისთავად გასაკვირი არ არის, რომ ინფორმაცია ვრცელდება სავარაუდო ინფიცირებულების თაობაზე. საუბედუროდ და სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ გადავამოწმოთ მონაცემები. ამიტომ, ფაქტობრივად, რეალური სურათი არ გვაქვს. ეს არის ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია. გასაკვირი არ არის, რადგან არც ერთი ადგილი მსოფლიო პანდემიის პირობებში დაცული და დაზღვეული არა არის ინფექციის შეღწევისგან. ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოხდეს გავრცელების პრევენცია. ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ, დაწყებული ინფორმაციის გავრცელებიდან, მათ შორის აფხაზურად და ოსურად, დასრულებული სხვადასხვა არხის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ თვეებია, ცხინვალის რეგიონი იზოლირებულია და გადაადგილება შეზღუდულია.
„პრობლემურია ის, რომ ცხინვალის რეგიონი უკვე თვეების განმავლობაში არის იზოლირებული, ფაქტობრივად გადაადგილება არის სრულად შეზღუდული. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც წვდომა აქვს, არის წითელი ჯვარი, რომელთანაც ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. თუმცა, კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, თვითონ მოსახლეობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაიცავს ყველა რეკომენდაციას, რომელიც უკვე ფართოდ არის გავრცელებული, ხელმისაწვდომი და შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხრიდან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავარმა ექიმმა, მარინა კოჩიევმა განაცხადა, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 30 აპრილს ჩასულ მამაკაცს.