ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის საელჩოს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„მადლობა თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის. ამ ძალიან რთულ გარემოებაში საქართველოს მთავროვა აკეთებს ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – წერს ქეთევან ციხელშვილი.
16 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.