ქეთევან ციხელაშვილი - არსებობს ალბათობა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იყოს ინფიცირების სხვა შემთხვევებიც, ჩვენი მზაობა ძალაშია, დავეხმაროთ იქ მყოფ მოსახლეობას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ 19“-ით პირის ინფიცირების ფაქტს ადასტურებს.
მისი განცხადებით, დაინფიცირება მოსალოდნელი იყო და მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილზე პრევენციის დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ.
ციხელაშვილი, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დასახმარებლად.
„ის, რომ შემთხვევა დადასტურდა აფხაზეთის რეგიონში, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი. ცხადია, როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ამის ალბათობა არსებობდა და არსებობს, რომ იყოს სხვა შემთხვევებიც.
ჩვენი მზაობა ძალაშია, ასევე გრძელდება მოქმედებები, რომელთაც ვატარებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ დავეხმაროთ იქ მოსახლეობას. ასევე, იმედი მაქვს, რომ ადგილზე მოხერხდება ყველა იმ პროტოკოლის დაცვა, რითაც ასეთ შემთხვევებში ცდილობენ, რომ შეაკავონ უკვე გავრცელება, დაადგინონ კლასტერი, კონტაქტები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.