ქეთევან ციხელაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ, რათა კორონავირუსზე შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც, მზად ვართ, სხვა სერვისებითაც დავეხმაროთ, მათ მიტოვებას არ ვაპირებთ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ყველა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ინფორმირებული იყოს.
„ჩვენ ძალიან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ. პირველ რიგში იმისათვის, რომ შესაბამისი ინფორმაციით იქნას ყველა უზრუნველყოფილი და, რა თქმა უნდა, ასევე მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქართულ ენაზე იცით სადაც არის განთავსებული სპეციალურ ვებგვერდზე მასალები. ჩვენ ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და იმედი მაქვს გადაზიარდება, არის ასევე მასალები აფხაზურ ენაზე, ოსურ ენაზე იმის თობაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას თავი. ბუნებრივია შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამიტომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა ამაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცხადია, ჩვენ გვაქვს მზაობა იმისა, რომ საჭიროების შმთხვევაში მოსახლეობას სხვა სერვისებითაც, იგივე დიაგნოსტიკით, თუ მკურნალობით დავუდგეთ გვერდით და, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მიტოვებას ასეთ სიტუაციაში“ ,- განუცხადა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პირველ არხს.