ქეთევან ციხელაშვილი - ამ მძიმე ფონზე, როდესაც მსოფლიო ებრძვის პანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებები მის სახეს კარგად წარმოაჩენს
ახლა მთავარია ბორდერიზაციის ფაქტის შეკავება და მკაფიო შეფასება, – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
„საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის საუბედუროდ სიახლე, მაგრამ ამ მძიმე ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს.
ჩვენ უკვე ჩავრთეთ ყველა არსებული მექანიზმი, პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი. შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს ასევე პატრულირება ადგილზე, იქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება.
ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს ამ ფაქტის მკაფიო შეფასება და ყველაზე მთავარი – შეკავება, რადგან ეს ქმნის დამატებით უსაფრთხოების და მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს ადგილზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.