ახალგორში რუსული სკოლის გახსნა, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, რაც რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში ხორციელდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ახალგორში რუსული სკოლის გახსნა არის რუსიფიკაციის მანიფესტის მორიგი და ნამდვილი სახე ოკუპაციის რეგიონში.
“რეგიონში, რომელშიც ცხოვრობს უმეტესად ქართული და ეთნიკურად ოსური მოსახლეობა იხსნება რუსული სკოლა, იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლა, ქართულ ენაზე სწავლა ბავშვებისათვის, რომლებსაც სურთ, აქვთ უფლება და ხშირ შემთხვევაში, არც ფლობენ რუსულ ენას და სხვათაშორის, არ არის ოსური სკოლა. ეს ძალიან სიმპტომატურია და ვფიქრობ, არამხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ქართველებისთვის, ჩვენთვის, ვინც მუდმივად საუბრობს ამ დარღვევებზე, არამედ ოსური მოსახლეობისთვისაც, ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს პოლიტიკა. ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობდით გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ძალიან დიდი დრო დაეთმო განსაკუთრებით გალსა და ახალგორში, თუმცა მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესს. ეს არ ჯდება არც საერთაშორისო სამართლის, არც ადამიანურ, არც ცივილურ ნომრებში და ძალიან ღია ფორმით არის განაცხადი რუსეთისა, რომ მათი ერთადერთი ინტერესი არის ამ ადამიანების რუსიფიკაცია.
ოკუპირებულ ახალგორში რუსული სკოლა დღეს გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩი და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები დაესწრნენ.