ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით ვერანაირ საზღვრებზე ვერ იქნება საუბარი და ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველას, მათ შორის რუსეთს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია, რას ემსახურება რუსეთის განცხადებები, როდესაც ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ქართული მხარე არა თუ ცალსახად მზად არის, არამედ ის არის მხარე, რომელიც კონსტრუქციულად ჩართულია ყველა მოლაპარაკების ფორმატში. ძალიან მკაფიოდ აცხადებს ახლაც, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა, რომ ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისთვის, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის აუცილებელი დღეს მავულხლართების ორივე მხარეს. გაუგებარია, რას ემსახურება ასეთი ტიპის განცხადებები მაშინ, როდესაც ქართული მხარის პოზიცია არის ასეთი ცალსახა“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, არა თუ უნდა შენარჩუნდეს ფორმატები, რომლებიც ემსახურება სტაბილურობასა და მშვიდობას, არამედ ეფექტიანი უნდა გახდეს, რადგან, მისივე თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია, დღევანდელი სტატუს-კვო შეიცვალოს და კონფლიქტი გადაიჭრას მშვიდობიანად.
„მეორე კომპონენტი, რაც ამ განცხადებაში იყო, რა თქმა უნდა, ვერანაირ საზღვრებზე ვერ იქნება საუბარი და ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას. დღეს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის მავთულხლართებით შემოსაზღვრული საოკუპაციო ხაზი, რომელიც რეალურად ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უშლის ხელს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს განსაკუთრებით მავთულხლართებს მიღმა მყოფ ადამიანებს ეთნიკურობის მიუხედავად, იქნებიან ოსები, ქართველები თუ აფხაზები. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ის ქართველები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რადგან ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან. განსაკუთრებით გალის რეგიონში ეს დისკრიმინაცია გრძელდება, მძიმედ აისახება, რაც ძალიან მტკივნეულია და ასევე მტკივნეულად აისახება ბავშვებზე, რომლებიც იძულებით არიან ჩართული გარკვეულ ღონისძიებებში. მათ არ აქვთ მშობლიურ ენაზე სწავლისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. წართმეული აქვთ რეალურად განათლების მიღების შესაძლებლობა. დღეს, 21-ე საუკუნეში ასეთ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ ყველა აქტორის ჩართულობით, მათ შორის იმ აქტორის ჩართულობით, როგორიც არის რუსეთი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და ყველა კონვენციით ადამიანის უფლებების, საბაზისო უფლებებზე მისი პასუხისმგებლობა არის. ჩვენ ამ ფორმატების გამოყენებას, პირველ რიგში, ამ მიმართულებით ვაპირებთ. მზაობას ვადასტურებთ და მეტიც, საჭიროა, ეს ფორმატები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე დაძაბულობის შესამცირებლად ერთობლივი მუშაობისთვის საქართველო მზადყოფნას არ გამოთქვამს“.