დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან აუცილებელია. ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს და ცხადია, ღია ვართ, – ასე პასუხობს კითხვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას ინტერვიუს თაობაზე, რომელიც ამბობს, რომ დროა, ქართულ მხარესთან დიალოგი დაიწყოს.
„ამგვარი დიალოგი ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებადაა მონიშნული. შესაბამისი ფორმის განსაზღვრა კი, სხვადასხვა დონეზე, აბსოლუტურად შესაძლებელია, პოლიტიზების გარეშე, რისი გამოცდილებაც თავადაც გვაქვს, თუ სხვებს არ დავესესხებით“,- აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.
მისივე თქმით, ახალ შესაძლებლობებს აჩენს ასევე სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა წარდგენილი და, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტების წახალისების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაშლისკენ.
„აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ერთადერთი და უალტერნატივო გზაა მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის, რაც საერთო მისწრაფებაა. ეს გზა აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების დაძლევას დიალოგის გზით, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ კი, გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.