ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ნატო უკრაინას სრულ პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს
ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ნატო უკრაინას სრულ პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინული გემებისა და მისი სამხედრო საზღვაო ფლოტის მიმართ ძალის გამოყენების რაიმე მიზეზი არ არსებობს. ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს სიმშვიდისა და თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს. ნატო ადასტურებს, რომ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. ამასთან სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული და გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რაც ყირიმის ანექსიას გულისხმობს.
ჩრდილოატლნტიკური საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში, ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის კიდევ ერთი მცდელობაა.