ქედაში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ
ქედაში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ

ქედაში საპროტესტო აქცია იმართება. რამდენიმე ასეული ფერმერი თამბაქოს რეალიზაციის ახალ რეგულაციას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, 21 ნოემბრიდან ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება და სავალდებულო ხდება აქციზიც.

ადგილობრივები, რომლებისთვისაც თამბაქოს მოყვანა შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების პირობებში აზრი ეკარგება თამბაქოს მოყვანას და ეს კულტურა შეიძლება, საერთოდ გაქრეს.

აქციის მონაწილეებს ქედის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა.

„ვიზიარებ თქვენს მოთხოვნას, ვიცი, რომ ეს მნიშვნელოვნად გაართულებს წარმოებას. ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხზე ხვდება. თქვენს თხოვნას გადავცემ“, – უთხრა თამბაქოს მწარმოებლებს ლევან გორგილაძემ.

აქციის მონაწილეები რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ.

ქედაში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.