ქეცბაიას კვიპროსში თანამოაზრე გამოუჩნდა - ჯობია ბალახზე ვივარჯიშოთ, ვიდრე სახლებში
კვიპროსის სუპერლიგის „აპოლონის“ მთავარმა მწვრთნელმა სოფრინუს აუგუსტუსმა რადიო „სუპერ სპორტ“-თან (Super Sport FM) ინტერვიუში ფეხბურთში არსებულ რთულ მდგომარეობაზე ილაპარაკა და ღიად დაუჭირა მხარი ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას წინადადებას.
„აპოლონის“ მწვრთნელმა, აღნიშნა, რომ ფეხბურთელები კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში სირთულეებს აწყდებიან. სწორედ ამ საკითხში დაეთანხმა თემურ ქეცბაიას, რომ კარგი იქნება, ფეხბურთელებს სტადიონზე ვარჯიშის უფლება დართონ.
„თემურ ქეცბაიამ მართალი თქვა, რომ ფეხბურთელები სახლში ვარჯიშს ვერ ახერხებენ. მათთვის კარგი იქნება, რომ სტადიონზე, მოედანზე ორ-ორად ან სამ-სამად ირბინონ. თანაც, სტადიონზე ფეხბურთელები დისტანციას დაიცავენ და საფრთხეც არ იქნება. რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ სპორტსმენებს საფრთხე შეექმნათ, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს. მაგრამ სახლში ან ქუჩაში ვარჯიში ისეთი ეფექტური არაა, როგორც მოედანზე და ბურთით. ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც ჩემპიონატი დაიწყება. არა მგონია, ასეთი პირობების შემდეგ წინა სეზონის დონის ჩემპიონატი ჩავატაროთ. ფეხბურთელები სირბილს ერთნაირად ვერ ახერხებენ. ზოგიერთს სახლის გარეთ ვარჯიშის დროს პრობლემაც შეექმნა,“ – განაცხადა სოფრინუს აუგუსტუსმა.