თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს მიმართა - გუნდს ჩვენი დახმარება სჭირდება #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს მიმართა - გუნდს ჩვენი დახმარება სჭირდება #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს მოუწოდა, დაეხმარონ კლუბს, რომ საშინაო არენის („ანტონის პაპადოპულოს სტადიონი“) დავალიანება დაფაროს.

კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა, საქართველოს ეროვნული გუნდისა და „ანორთოსისის“ ყოფილმა მოთამაშემ მოწოდება სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მე ვამაყობ „ანორთოსისით“, მისი ისტორიით, ყველაფრით, რასაც ერთად მივაღწიეთ და იმ მდიდარი მემკვიდრეობით, რომელსაც 113 წლის განმავლობაში ვატარებთ. სულსა და გულში ვინახავ ყველაფერს, რაც ერთად განვიცადეთ – ჩვენი საერთო მოგონებები, სიხარული და ტკივილი. ყველა ჩვენგანის მემკვიდრეობაა გუნდის მდიდარი ისტორია და დიდი წარმატებები, რომელსაც ერთად მივაღწიეთ.

მოვუწოდებ „ანორთოსისის“ და კვიპროსის ფეხბურთის გულშემატკივრებს, მხარი დაუჭირონ მშვენიერ ინიციატივას და გადაიხადონ „ანტონის პაპადოპულოსის სტადიონის“ იჯარა, რომელიც ჩვენი დროებითი არენაა, სანამ ჩვენს საყვარელ ფამაგუსტაში არ დავბრუნდებით“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

„ანორთოსისი“ ქალაქ ფამაგუსტას კლუბი, რომელსაც კვიპროსი ვეღარ აკონტროლებს და გუნდი ლარნაკაში თამაშობს. 1983 წელს „ანორთოსისს“ სავარჯიშო მოედნები დაუთმეს. 1986 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ამ ტერიტორიაზე ახალი სტადიონი აშენდა, სადაც „ანორთოსისის“ დროებითი ოფისია და გუნდი იაჯრით თამაშობს. თუმცა, ბოლო დროს კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც საიჯარო თანხის გადახდა გაუჭირდა.