კობა ჟორჟიკაშვილი – ევრო 2024-ზე გასვლით ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა, მაგრამ ილუზია შეგვექმნა, რომ ყველაფერი კარგად იყო #1TVSPORT

11:42, 20.11.2026

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა (ამჟამად ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობს) ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელ გამოსვლებზე პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და პრობლემურ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება.

„2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ჩვენი ფეხბურთის ისტორია დაიწერა, რასაც უდიდესი ბუმი მოჰყვა, ხალხმა ფეხბურთისკენ გამოიხედა, საფეხბურთო სკოლები მსურველებს ვეღარ აუდიოდნენ და ერი გაერთიანდა.

ილუზია შეგვექმნა, რომ საქმე კარგად იყო. მერე ყველაფერი აირია. ბავშვთა ფეხბურთში ვარ და ვხედავ, რომ ბევრი რამ არასწორად კეთდება, რადგან პრინციპულად არასწორი მიდგომებია. ბავშვებს ყველაზე მეტად აფუჭებს ორი კატეგორია – არასწორად მოაზროვნე მწვრთნელები და მშობლები. მათ ყურადღება გადატანილი აქვთ გუნდურ შედეგზე და ამა თუ იმ ტურნირსა და ჩემპიონატში პირველობაზე. ეს მომავალი თაობების ფსიქიკისთვის დამღუპველია.

ბავშვთა ფეხბურთის დანიშნულება კი ინდივიდების აღზრდაა, რომლებმაც მერე უნდა დააკომპლექტონ ეროვნული ნაკრები – შედეგი სწორედ ამ დონეზე გვჭირდება. ბავშვები დაძაბულობის გარეშე, მშვიდ ვითარებაში ვერ იზრდებიან და ისტრესებიან. მერე ეს ემოციებისგან დაცლილი, დასტრესილი და ლიმონივით გამოწურული ბავშვები ასაკობრივ ნაკრებებში შიშით თამაშობენ, რადგან შეცდომის ეშინიათ.

ფიზიკის კანონია, რომ ბუნებაში არაფერი იკარგება – ბავშვები ასეთ ფსიქოლოგიურ ფონზე შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან სილაღეს კარგავენ. თავისუფალ გარემოში გაზრდილი ბავშვი პროფესიულ დონეზე უშიშრად და თავისუფლად თამაშობს. სწორად ეს არის სწორი აღზრდის შედეგი“.

მსგავსი