„ნაპოლიმ“ ბოლო ტესტმატჩში „აპოლონი“ დაამარცხა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ბოლო ტესტმატჩში „აპოლონი“ დაამარცხა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სეზონის გახსნამდე ბოლო ამხანაგური მატჩი კვიპროსულ კლუბთან, ლიმასოლის „აპოლონთან“ ჩაატარა და 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურობდა, მაგრამ გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.

„ნაპოლისა“ და „აპოლონის“ დაპირისპირება „სტადიო ტეოფილო პატინიზე“ გაიმართა, რომელიც 7220 მაყურებელს იტევს და ბილეთები სრულად გაიყიდა. ისევე როგორც წინა მატჩებში ესპანურ „ჟირონასთან“ (4:0) და გერმანულ „აუსბურგთან“ (1:0), ნეაპოლელებმა კვლავ ლეგიონერების ხარჯზე მოიგეს.

მე-60 წუთზე „ნაპოლის“ ნიგერიელმა ლიდერმა, ვიქტორ ოსიმენმა გახსნა ანგარიში. 71-ე წუთზე კი არგენტინელმა ჯოვანი სიმეონემ ლიმასოლის „აპოლონის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

„ნაპოლი“ შემდეგ მატჩს უკვე ოფიციალურად გამართავს – სერია A-ს პირველ ტურში კვარაცხელიას გუნდი გიორგი კვერნაძის „ფროსინონეს“ დაუპირისპირდება.