გიორგი ლორია „ანორთოსისს“ დატოვებს - ქართველ მეკარეს კვიპროსში დარჩენა სურს #1TVSPORT
გიორგი ლორია „ანორთოსისს“ დატოვებს - ქართველ მეკარეს კვიპროსში დარჩენა სურს #1TVSPORT

გიორგი ლორია სეზონს ბოლოს „ანორთოსისს“ დატოვებს, მაგრამ, შესაძლოა, ისევ კვიპროსში დარჩეს, – ინფორმაციას cyprustimes-ი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების მეკარეს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ კლუბს მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა და ახალგაზრდა მეკარის დაწინაურება სურს, ამის შესახებ 37 წლის ლორიას უკვე აცნობეს.

„ფამაგუსტის გუნდმა გიორგი ლორიასთან კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტა, რადგან ქართველი მეკარე „ანორთოსისის“ სამომავლო გეგმებში არ ჯდება. ლორიას გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა ზაფხულში გუნდს დატოვებს. ლორიას კვიპროსში დარჩენა სურს, მაგრამ სხვა გუნდში“, – ამტკიცებს cyprustimes-ი.

შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ლორიას „დინამო თბილისი“ დაუკავშირდა და დაბრუნება შესთავაზა, რადგან გიორგი ჭიაბრიშვილს ევროთასებზე გამოცდილი მეკარის დამატება სურს. თუმცა, გასაკვირი არ იქნება, ლორიას დამატების მსურველები კვიპროსშიც გამოჩნდნენ.

სეზონის ბოლოს თანამდებობიდან „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი ვესკო მიხალოვიჩიც მიდის, მის ნაცვლად ხელმძღვანელობა იოზეფ ზინბაუერის დანიშვნას აპირებს, რომელიც კვიპროსში ჩავიდა და გუნდის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება დაიწყო.