ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მფლობელია - ფამაგუსტელებმა ტიტული 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მფლობელია – ფამაგუსტელები კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდნენ და დამატებულ დროში 2:1 დაამარცხეს.
თემურ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში ოთხივე ქართველი ფეხბურთელი ათამაშა – საქართველოს ნაკრების წევრები გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.
ქეცბაიას გუნდისთვის ეს იყო ბოლო შანსი, სეზონი ტიტულით დაესრულებინა და თამაში აქტიურად დაიწყო. პირველ ტაიმში „ანორთოსისმა“ მეტოქეს აჯობა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. 30-ე წუთზე ოქრიაშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ნიქოზიელები მეკარემ გადაარჩინა. 33-ე წუთზე, ქვილითაიამ ახლოდან ვერ გაიტანა. მე-40 წუთზე ახლოდან ზუსტად დაარტყა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. 43-ე წუთზე ოქრიაშვილმა მეკარესთან პირისპირ ნიკოს კალცასი დატოვა, მაგრამ მცველი დაეწია და რეალური საგოლე მომენტი გაანიავა.
ფამაგუსტელებმა მეორე ნახევარიც კარგად დაიწყეს (ამ დროისთვის ქეცბაიამ დაუშვილი შეცვალა) და უპირატესობას ფლობდნენ. გუნდის თამაშს ოქრიაშვილი წარმართავდა, დაცვასაც ეხმარებოდა და ისევე როგორც წინა ხაზში მოთამაშე დანარჩენმა ქართველებმა, მანაც ყვითელი ბარათი მიიღო. 58-ე წუთზე კი „ანორთოსისმა“ ანგარიში გახსნა. ოქრიაშვილმა მარცხენა ფლანგზე მცველს ბურთი აართვა და ქვილითაიას გადააწოდა, მან შეტევა დორ მიხას გაუგრძელა, რომლის გადაცემის შემდეგ კოსტას არტიმატასმა ანგარიში გახსნა 1:0.
მაგრამ ფამაგუსტელთა მცველებმა ორიოდე წუთზე გუნდის შრომა გაანიავეს, დაცვაში „ოლიმპაიკოსის“ თავდამსმხელი კინგსლი სარფო სამ მცველში გაძვრა და წონასწორობა აღადგინა 1:1. 67-ე წუთზე, ოქრიაშვილის გადაცემით ქვილითაია მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ „ოლიმპიაკოსი“ აშკარა გოლისგან მეკარემ იხსნა. საქმე მოუმრავლდა ლორიასაც, რომელმაც სარფოს საჯარიმო დარტყმის შემდეგ „ანორთოსისი“ გადაარჩინა. 87-ე წუთზე თავის გამოჩენის მორიგი შანსი ქვილითაიას მიეცა, კუთხურის შემდეგ მცველებს დაასწრო, მაგრამ სიზუსტე დააკლდა, ძირითადი დრო კი 1:1 დასრულდა.
დამატებულ დროშიც პირველი მომენტი ქვილითაიამ შექმნა და მეკარეს ვერ აჯობა. ლორიამ კი გუნდი ორჯერ გადაარჩინა. 110-ე წუთზე „ანორთოსისმა“ შეტევა მაინც დააგვირგვინა და ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ არბიტრმა გოლი ჩათვალა. ჩარლ ელუნდუს დარტყმა მეკარემ კარიდან გამოიტანა და ქვილითაიამ დამატებაზე გაიტანა. თუმცა, საბოლოოდ, გოლი ელუნდუს ჩაუთვალეს.
საბოლოოდ, კვიპროსის თასის ფინალური დაპირისპირება „ანორთოსისის“ გამარჯვებით დასრულდა 2:1 თემურ ქეცბაიას გუნდი კვიპროსის ერთ-ერთი მთავარ პრიზის მფლობელი გახდა, ზაფხულიდან კი ევროსარბიელზე ითამაშებს. 2008 წლის შემდეგ „ანორთოსისმა“ ტიტული ისევ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოიპოვა.