ქაშვეთის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურება მიმდინარეობს
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედარმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.