ქაშმირის რეგიონში დაპირისპირებას სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და 13 მებრძოლი ემსხვერპლა
ქაშმირის რეგიონში დაპირისპირებას სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და 13 მებრძოლი ემსხვერპლა, დაშავებულია 70-მდე ადამიანი.
არეულობა რეგიონის რამდენიმე დასახლებაში კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ინდოელ სამართალდამცველებს ქაშმირელი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
პოლიციის ინფორმაციით, მხოლოდ დრაგადის დასახლებაში შვიდი მებრძოლი გაანადგურეს, ასევე დაიღუპა ის პირიც, ვის სახლშიც ისინი აფარებდნენ თავს.
მებრძოლების დასაცავად ქუჩაში გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას კი სამართალდამცველები თავდაპირველად ცრემლსადენი აირითა და პნევმატური იარაღით შეეცადნენ, მოგვიანებით კი მათი მიმართულებით ცეცხლიც გახსნეს.
დაძაბული ვითარების გამო, ქაშმირის რეგიონში ორშაბათს საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურული იქნება. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა და დროებით გაითიშა ინტერნეტზე წვდომა.
ქაშმირის კონფლიქტი 1947 წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაიწყო. ბრიტანეთისგან გამოყოფილი ინდოეთის რელიგიური ნიშნით დაყოფის მიუხედავად, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ჯამუს შტატი, ინდუსი მმართველის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ერთმორწმუნე მუსლიმების დასაცავად კი, პაკისტანი ქაშმირში შეიჭრა და მისი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ოკუპირება შეძლო. მას შემდეგ, უკვე 70 წელია ქაშმირის რეგიონი ცხელ წერტილად მიიჩნევა.