ქართველმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ქართველმა მკლავჭიდელებმა ჯამში 111 მედალი მოიპოვეს. ისტორიაში პირველად საქართველოს დელეგაციამ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორებს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში უმასპინძლა.
შეხვედრას დაესწრნენ მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, მკლავჭიდის ნაკრების წევრები და მწვრთნელები.
მინისტრმა სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატზე შედეგიანი გამოსვლა მიულოცა და ოქტომბერში ანტალიაში გასამართ მსოფლიო პირველობაზე წარმატებები უსურვა. საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების, ასევე პარანაკრების ანგარიშზე ჯამში 45 ოქროს, 38 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალია. ეროვნულმა გუნდმა 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდების ანგარიშზე 10 ოქრო, 9 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა. რაც შეეხება ჭაბუკთა ნაკრებს, მათ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. ევროპირველობაზე იასპარეზეს ვეტერანებმაც და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარამკლავჭიდელებმა. მათ ანგარიშზე ჯამში 49 მედალია – 24 ოქრო, 13 ვერცხლი და 12 ბრინჯაო, რის შედეგადაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებთა შორის უპრესტიჟულეს მძიმე წონაში ქართული ფინალი შედგა – გამოცდილი და მრავალგზის ჩემპიონი გენადი კვიკვინია, ასევე ტიტულოვან ლევან საგინაშვილს დაუპირისპირდა. დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა ლევან საგინაშვილის გამარჯვებით დასრულდა.