შსს - თურქეთის ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, გასულ ღამეს თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმესაათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყოვნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.