ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობით გახსნილი კიბერდანაშაულის შესახებ „ბიბისი“ წერს
საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მავნე პროგრამის გამოყენებით 40 ათასზე მეტ მსხვერპლს 100 მილიონ დოლარს პარავდა, გამოვლენილია.
„ბიბისის“ ინფორმაციით, კომპლექსური სამართალდამცავი ოპერაცია საქართველოში, აშშ-ში, ბულგარეთში, გერმანიაში, მოლდოვასა და უკრაინაში განხორციელდა.
დაჯგუფება „გოზნიმის“ მავნე პროგრამით კომპიუტერებს აინფიცირებდა და ინტერნეტბანკინგში ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემებზე იღებდა წვდომას. როგორც „ბიბისი“ იუწყება, დაჯგუფების ფორმირება ინტერნეტფორუმების საშუალებით მოხდა, სადაც ჰაკერებმა თავიანთი ტექნიკური უნარჩვევები გამოავლინეს.
გავრცელებული ცნობით, დაჯგუფების 10 წევრს პიტსბურგის სასამართლომ ბრალი წარუდგინა. კერძოდ კი, ფულის მოპარვასა და ამ თანხების აშშ-სა და უცხოური ბანკების საშუალებით გათეთრების გამო.
დაჯგუფების წევრი რუსეთის ხუთი მოქალაქე ძებნაშია, მათ შორისა „გოზნიმის“ მავნე პროგრამის შემქმნელი.
დაჯგუფების წევრების მიმართ სამართლებრივი დევნა რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს. მათ შორის დაჯგუფების ქართველი ლიდერი, მის ტექნიკურ ასისტენტთან ერთად დაკავებულია საქართველოში. კიდევ ერთი წევრი, რომელსაც მოპარული თანხები სხვადასხვა ანგარიშებზე გადაჰქონდა ბულგარეთიდან აშშ-შია ექსტრადირებული, სადაც ის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.
მოლდოვის პროკურატურამ დააკავა ერთ-ერთი წევრი, რომელმაც „გოზნიმის“ პროგრამა ისეთი ფორმით დაშიფრა, რომელიც ქსელში მას შეუმჩნეველს გახდიდა. ფულის გათეთრების ბრალდებით, ორი წევრი დაკავებულია გერმანიაში.
დაზარალებულთა შორის მცირე ბიზნესის, იურიდიული ფირმებისა და საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლები არიან. მათი მსხვერპლი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
რა არის გოზნიმი?
„გოზნიმი“ ორი სხვადასხვა მავნე პროგრამის ნიმაიმისა და გოზის ჰიბრიდია. ნიმაიმის ფუნქცია სხვა მავნე პროგრამების მოწყობილობებში შეღწევა და გამომძალველობაა. გოზი კი ფინანსურ ინფორმაციას იპარავდა და ამერიკულ ბანკებზე თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა. ამ ორი პროგრამის გაერთიანებით შეიქმნა „გოზნიმი“ – „ორთავიანი მონსტრი“ – როგორც მას ზოგიერთი ექსპერტი უწოდებს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს პატიმრობა შეეფარდა
უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ იმავე დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვება და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელება, კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა.