ქართველად პროდიუსერი და რეჟისორი ვლადიმერ კაჭარავა ე.წ. აზიური ოსკარის ჟიურის შემადგენლობაში იქნება
აზიური ოსკარად წოდებული კინოპრემიის ისტორიაში პირველად, ჟიურის შემადგენლობაში ქართველი პროდიუსერი და რეჟისორი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.
ვლადიმერ კაჭარავა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამჟამად სრული და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ერთ-ერთი პროდიუსერია. კაჭარავამ 2010 წელს დააარსა საკუთარი კინოსტუდია 20 Steps Productions, რომელიც ფოკუსირებულია მხატვრული და ანიმაციური ფილმების წარმოებაზე.
აზია–წყნარი ოკეანის კინოპრემია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების კინოაკადემიის ყოველწლიური პრემიაა, რომელიც ავსტრალიის მთავრობის ინიციატივითა და იუნესკო-სა და კინოპროდიუსერების საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა.
პრემია ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებას და აზია–წყნარი ოკეანის რეგიონისადმი ინტერესების დაცვას, ასევე ახორციელებს იუნესკო-ს მიზნებს კინოს მეშვეობით ეროვნული კულტურების შენარჩუნების კუთხით.
ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული კინოპროდიუსერები არიან. Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 29 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გაიმართება.
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 2017 წელს Asia Pacific Screen Awards-ის ოთხი პრემია მიიღეს. ანა ურუშაძის „საშიშმა დედამ” გაიმარჯვა ნომინაციაში „რეჟისორული მიღწევა“, ქალის მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა ნატო მურვანიძე, მარიამ ხაჭვანის „დედემ” მიიღო სპეციალური პრიზი (იუნესკოს პატრონაჟით) ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება”; ხოლო მეოთხე ჯილდო გახდა ფულადი პრემია, რომელიც მარიამ ხაჭვანს შემდეგ კინოსცენარზე მუშაობისთვის გადაეცა.