საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები დახვდნენ.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა ტაშით და გამამხნევებელი შეძახილებით გადაუხადეს.
მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. უახლოეს პერიოდში 32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად, სრული შემადგენლობით დაბრუნდება.