ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ
ქართველი მოსწავლეები ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ. ასპარეზობა მიმდინარე წლის 8-12 იანვარს გაიმართა და მასში 21 ქვეყნის 84 გუნდის 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადაში თბილისის კომაროვის 199-ე, ვეკუას 42-ე და ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ქართველმა მოსწავლეებმა 16 მედალი მოიპოვეს (სამი ოქრო, ხუთი ვერცხლი და რვა ბრინჯაო). 16-დან 13 მედალი (სამი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო) კომაროველებს ერგოთ. შესაბამისად, კომაროვის სახელობის 199-ე სკოლის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილიც (რეიტინგით მეხუთე ადგილი) მოიპოვა.
ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ: თეიმურაზ თოლორაია – აბსოლუტური პირველი ადგილი (მათემატიკა – კომაროვი), ნიკოლოზ ბირკაძე (მათემატიკა – კომაროვი) და ანა ონოფრიშვილი (მათემატიკა – კომაროვი).
სამინისტროს ინფორმაციით, მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი ქართველმა პედაგოგებმა – ლელა მამულაშვილმა (მათემატიკა – ვეკუა) და მიხეილ სოხაშვილმა (ფიზიკა – კომაროვი) მოიპოვეს. მესამე ადგილზე კი, ვახტანგ შეკიშვილი (ინფორმატიკა – რაზმაძე), ლუკა ხიზანიშვილი (ფიზიკა – ვეკუა) და თეიმურაზ კალატოზი (ფიზიკა – კომაროვი) გავიდნენ.
პრესტიჟულ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს გუნდების მონაწილეობას და ყველა საჭირო ფინანსურ ხარჯს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეჯიბრება წლის განმავლობაში მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყანაში რამდენიმე იმართება, სადაც ყოველთვის წარმატებით მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილები. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებში.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერება, ამ სკოლების თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვა ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და ხელს უწყობს მათ დაინტერესებას მეცნიერებით“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.