ბათუმში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მეოთხე ტურის პარტიები გაიმართა. დავით ჯოჯუა დღეს შავი ფერის ფიგურებით ევროპის ექსჩემპიონთან, რუსეთის წარმომადგენელ ერნესტო ინარკიევთან დამარცხდა.
მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და ბაადურ ჯობავამ დღეს ყაიმები დააფიქსირეს. ფანცულაიამ და ჯობავამ მეოთხე ტურში უკრაინელებთან ალექსანდრ მოისეენკოსთან და კირილ შევჩენკოსთან თეთრებით ქულები გაიყვეს, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი შავი ფიგურებით სომხეთის წარმომადგენელ გაბრიელ სარგსიანს შეხვდა.
ბათუმში ევროპის რიგით 19-ე ჩემპიონატზე მოასპარეზე 32 ქართველი მოჭადრაკიდან საუკეთესო შედეგი მიხეილ მჭედლიშვილს აქვს, მჭედლიშვილი სამი ქულით 30-ე ადგილზეა.
სატურნირო ცხრილს კი უდანაკარგოდ ოთხიდან ოთხი ქულით სომეხი საერთაშორისო დიდოსტატი რობერტ ჰოვანესიანი ლიდერობს.
ევროპის ჩეპიონატი 11 ტურად ჩატარდება და სულ 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკემ მოიყარა თავი. ყველაზე წარმომადგენლობითი რუსეთია, ბათუმში პირველობისთვის 51 რუსი მოჭადრაკე იბრძვის.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი 100.000 ევროა, მათგან ჩემპიონი – 20.000-ს, ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები 15.000 და 10.000 ევროს მიიღებენ.