ქართველი მეზღვაურები ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე მუშაობას შეძლებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა ბრაზილიასთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმები გააფორმა.
დოკუმენტი ბრაზილიასა და საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარებას ითვალისწინებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველ მეზღვაურებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე, რომელთა რაოდენობა, დღევანდელი მდგომარეობით, 766-ს შეადგენს.
მემორანდუმი ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში გაფორმდა. ასამბლეაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც მონაწილეობდა. მისი განცხადებით, პროფესიონალ ქართველ მეზღვაურებზე საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნაა.