ქართველი მესაზღვრის მამა - რუსი მესაზღვრეების მხრიდან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა, პირიქით გაუგებრობისთვის ბოდიშიც მოიხადეს
ქართველი მესაზღვრის მამა - რუსი მესაზღვრეების მხრიდან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა, პირიქით გაუგებრობისთვის ბოდიშიც მოიხადეს

ქართველი მესაზღვრის, გიორგი კერესელიძის მამა, ქიშვარდ კერესელიძე აცხადებს, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა, პირიქით, გაუგებრობისთვის ბოდიშიც მოიხადეს, ამის შესახებ კერესელიძის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავად მესაზღვრეები მედიასთან მომხდარის დეტალებზე არ ყვებიან.

„ჩემი შვილი სახლშია და ძალიან მიხარია, არანაირ შეურაცხყოფას რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, პირიქით, გაუგებრობისთვის ბოდიშიც მოიხადეს. ჩვენი და რუსეთის მესაზღვრეები ერთმანეთს იცნობდნენ და კარგი ურთიერთობაც აქვთ, მაგრამ მაგ დღეს იქ პეტერბურგელი ვიღაც უფროსი ყოფილა ჩასული და იმისი ინიციატივით აუყვანიათ ესენი, მაგრამ მერე რუსებს თავად აუხსნიათ სიტუაცია და გაუგებრობა ამით დასრულებულა“, – აცხადებს გიორგი კერესელიძის მამა ქიშვარდ კერესელიძე.

ორმა ქართველმა მესაზღვრემ დაღესტნის ტერიტორია დღეს დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეები უმოკლეს დროში გაათავისუფლეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე დაღესტნის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 27 ივნისს აღმოჩნდა. უწყების ცნობით, მესაზღვრეები, გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“,- აცხადებენ სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას.