ქართველი მეღვინეების განცხადება - მივესალმებით „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, რაც გარანტიაა თანამედროვე დემოკრატიული და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის
მივესალმებით, ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ კანონი გარანტიაა თანამედროვე დემოკრატიული და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ქართველი მეღვინეების განცხადებაში.
საქართველოში ღვინის მწარმოებელთა ერთმა ნაწილმა განცხადება გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ და მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„დღეს დარგის განვითარებისთვის მიმართული ყველა გადაწყვეტილება, ნებისმიერი საკანონმდებლო თუ ნორმატიულ დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილება განხილული და შეთანხმებულია ჩვენთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის – მევენახეობა-მეღვინეობის არნახული მასშტაბის მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. მეწარმეებზე გაცემულმა შეღავათიანმა კრედიტებმა უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ვენახების გაშენების, ღვინის მოცულობის ზრდის და საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერის გარეშე ჩვენი კომპანიები ნამდვილად ვერ მიაღწევდნენ იმ მასშტაბის განვითარების დონეს, რომელიც დღეს გვაქვს. ამის არდანახვა არ შეიძლება და ამის გამო მეწარმეების დიდი ნაწილი, მათ შორის, ჩვენი კომპანიები მთავრობის ქმედებათა ერთგული მხარდამჭერები ვართ.
დღეს მთავრობას და ბიზნესს საქართველოში აქვს ერთიანი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, გაძლიერდეს ეკონომიკურად, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და, რაც მთავარია, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. არაფერი ისე არ ვნებს ბიზნესს, როგორც არასტაბილურობა და გაუმჭირვალობა. ღვინის კომპანიებს არაერთი მწარე გამოცდილება გვაქვს, რამდენად დიდი ზარალი მოაქვს მოღალატე ფსევდოოპოზიციის მხრიდან დაშვებულ პროვოკაციებს. მივესალმებით ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ კანონი გარანტიაა თანამედროვე დემოკრატიული და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ჩვენი ბიზნესი და ინვესტიციების წარმომავლობა აბსოლუტურად გამჭირვალეა. ამიტომ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ გამჭირვალობის ეს მოთხოვნა კერძო სექტორის სხვა სუბიექტებზეც გავრცელდეს. ალბათ დადგა დრო, ჩვენი საზოგადოების საღად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნაწილი დავდგეთ ერთად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ,“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შპს „შალვინოს“ დამფუძნებელი ლევან გვარამაძე, შპს „ხაოს მარანის“ დამფუძნებელი გოჩა დაუდიშვილი, შპს „კახეთი 3000“-ის დამფუძნებელი გიორგი ერბოწონაშვილი, შპს „ჰერეთის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე, შპს „კახური ღვინის მარანის“ დირექტორი მირიან მუკბანიანი, შპს „შატო მუკუზანის“ დამფუძნებელი კახაბერ მამანიშვილი, შპს „შატო ხვანჭკარას“ დამფუძნებელი ბაკურ მიჩიტაშვილი, შპს „ყვარლის ღვინის კომპანიის“ დამფუძნებელი პაატა არჩვაძე, შპს „მარნისკარის“ და შპს „შატო ნეკრესის“ დამფუძნებელი ვაჟა ციგროშვილი.