ქართველი მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ტატამზე ბრუნდება
23-25 თებერვალს ჭიდაობა ძიუდოში დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ გათამაშება გაიმართება.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებმა პირველ არხს დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდის შემადგენლობაში მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი იქნება.
უკვე ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი დიუსელდორფში არ იჭიდავებს.
რაც შეეხება ევროპის სამგზის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ფინალისტს ვარლამ ლიპარტელიანს, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის ირაკლი ცირეკიძის გადაწყვეტილებით „დიდი მუზარადის“ გათამაშების მონაწილე იქნება.
დიუსელდორფში საქართველოს ღირსებას ლუხუმ ჩხვიმიანი (60), თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი (ორივე – 81), ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100) დაიცავენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი (90) დღეიდან ორი კვირის განმავლობაში საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას ბაკურიანში გაივლიან.