ქართველი მაშველები თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ
ქართველი მაშველები უკვე ჩაერთნენ თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
„როგორც ჩვენ ვიცით, ისინი უკვე ადიამანის პროვინციაში არიან, სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, მათთან გვაქვს კონტაქტი და გადამღები ჯგუფები მიდიან, რათა ასახონ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები“, – აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, რამდენად არის საკმარისი რესურსი ადგილზე მობილიზებული, ელჩმა განაცხადა, რომ მთელი ძალისხმევა მიმართულია ამ რეგიონისკენ.
„როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, მთელი ძალისხმევა არის მიმართული ამ რეგიონისკენ, ჟანდარმერია, ჯარი, პოლიცია – ყველა არის მიმართული. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოვეხმაურეთ მოწოდებას და ჩამოვედით მყისიერად. 17 ქვეყნის სამაშველო ბრიგადაებიდან ზოგი ჩამოვიდა, ზოგი დღეს და ხვალ იქნება თურქეთში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 70-ზე მეტი ქვეყანა გამოეხმაურა და მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა არის ზამთარი, რთული პირობებია რეგიონში, მთაგორიანი რელიეფია და აუცილებელია მყისიერი ჩართვა. ჩვენი მაშაველები უკვე ადგილზე არიან და დაწყებულია სამაშველო ოპერაცია. მთლიანად სტიქიის არეალი არის ორი საქართველოს ხელა ტერიტორია, სადაც მოხდა მიწისძვრა, აქედან გამომდინარე, გასაგებია, რა მასშტბური სამუშაოებია გასატარებელი ამ რეგიონში“, – აღნიშნა ელჩმა.