ქართველების წარმატებული ტური საფრანგეთში - მიქაუტაძემ ამჯერად საგოლე პასი ჩაიწერა [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი თამაშები ჩაატარეს, რომლებიც მათი გუნდებისთვის წარმატებული გამოდგა.
ლიგა 2-ს 28-ე ტურში „ბორდომ“ აუტსაიდერი „ნიმი“ 1:0 დაამარცხა. ჟირონდელთა შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა 67 წუთი ითამაშა და საკმაოდ აქტიური იყო – დავითაშვილს ორი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე ნახევარში ზურიკომ კარგი კონტრშეტევა წამოიწყო და მშვენიერი პასით მეკარესთან პირისპირ ჯოშ მაია გაიყვანა, მაგრამ თავდამსხმელმა შანსი გაანიავა. 81-ე წუთზე „ბორდომ“ გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა და საბოლოოდ 1:0 მოიგო.
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „რუანთან“ გასვლით მატჩში, 89 წუთი ითამაშა და თავი საგოლე პასით გამოიჩინა. ანგარიში 72-ე წუთზე იუსუფ მაზიზმა გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე მიქაუტაძის გადაცემით დიგბო მაიგამ გაიტანა, „მეცმა“ კი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა – 2:1.
საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდომ“ 50 ქულა დააგროვა და 28 ტურის შემდეგ მეორე ადგილს ინარჩუნებს, ხოლო „მეცი“ 48 ქულით მე-4 პოზიციაზეა.