ქართველ მოსწავლეთა ნამუშევარი ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს
თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილი „ჭკვიანი ჩაფხუტი“ ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციურ მოსწავლეთა კომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, „ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლაში ეხმარება – ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.
ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს იმართება და ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად, მასში თბილისის N175 და ბათუმის N16 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ, სადაც საქართველოს სახელით საკუთარი პროდუქტები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგნის – მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 251 საჯარო სკოლის 6 500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „მოსწავლეთა კომპანიები“ სწორედ სასკოლო არჩევითი საგნის – მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში ყალიბდება. საგნის შესწავლაში სკოლებს ხელს უწყობს Junior Achievement Georgia, აშშ-ის განვითარების სააგენტოს პროექტით „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია მოსწავლეებს სასწავლო მასალებით უზრუნველყოფს, ის ზრუნავს პედაგოგთა გადამზადებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
სწორედ მეწარმეობის ფარგლებში, Junior Achievement-ის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება შეჯიბრებები. მათ შორისაა ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც ევროპის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. JA Estonia და JA Georgia საქართველო-ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით მხარს უჭერენ მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსებში ჩაბმას. მიმდინარე პროექტის მიზანია საქართველოში „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა“.
N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ Helmet vision მეხანძრეთათვის „ჭკვიანი ჩაფხუტი“ შექმნა, ხოლო ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ The smell of thread ხელნაკეთი ნივთები, რომელზეც მოქსოვილია ცხოველთა გამოსახულებები და ეკოლოგიურად ბუნებრივი პროდუქტი, სხვადასხვა არომატიზატორით.
Junior Achievement Georgia ამჟამად ორგანიზებას უწევს კონკურსს „საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“, რომელიც გაიმართება 2020 წლის 29 მარტს, ხოლო გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე.