ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც კორონავირუსის გამო ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოსვლას, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ
ქართველ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიკატების ვადა იწურება და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოსვლას, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ არა უმეტეს სამი თვის ვადით გემთმფლობელის, ან საკრუინგო კომპანიის მომართვის საფუძველზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანის განცხადებით, აღნიშნული წესი ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული საქმიანობა ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე განაგრძონ.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამკაცრებული წესები მოქმედებს საქართველოს პორტებში. ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალია. დღეს ამ ჩამონათვალს დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ავსტრია“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟისა და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი თქმით, თუკი აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიღაც პირს რაიმე სახის სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად, მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სახის სიმპტომი.
„ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. გადაწყვეტილებას მხოლოდ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ვიღებთ და ამით მაქსიმალურად ვამცირებთ საზღვაო ტრანსპორტიდან კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობას. ჩვენ საქართველოს ნავსადგურებში ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.